ყაზბეგი / ანანური / გუდაური

ყაზბეგი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქვეშეთის უბნის შემადგენლობაში შედიოდა, 19171930 წლებში — დუშეთის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა.მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 მ-იდან 5000 მ-ის ფარგლებში იცვლება. შედარებით დაბალ ზონაში (1700 მ-ის ფარგლებში) ზომიერი ნოტიოა. ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხული — გრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა — 800 მმ. ზღვის დონიდან 1800-2000 მ-ის ფარგლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C-მდე ეცემა, ხოლო ნალექიანობა 1160 მმ-ს აღწევს. 3600 მ-ზე მაღლა ნივალური ზონაა გავრცელებული.

ანანური

ანანური — ფეოდალური ხანის (XVIXVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან.

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბლომად მოიპოვება ამ ეპოქის ძეგლები, ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული მხოლოდ რამდენიმეა.

გუდაური

გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 ადამიანი.სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის (‘ლებიოდკის’) მეშვეობით ადიოდნენ.