სამეგრელო

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIIIXV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების და ქალაქ ფოთის ტერიტორიას.

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის აუზის გორაკ–ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასივის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოს, ბერზუგაბის, ჩხიანის, გვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ.

მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ–ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისკვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარის რიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის ტბასათან შეერთებამდე.

კულტურა

პირველი სასწავლებელი (სასულიერო) სამეგრელოში 1830 წელს ლევან V–ის დროს დაარსდა მარტვილში. XIX საუკუნეში ქართველ ხალხში გაძლიერდა განათლებისადმი მისწრაფება. თავდაპირველად სკოლები მონასტრებთან ერთად გაჩნდა,

მარტვილის მონასტერი

ხოლო შემდგომ, მეფის რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა გაეხსნა დაწყებითი სასწავლებლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მხარის საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში 1879 წელს დაარსებულმა “ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“, რომლის თაოსნობითა და ძალისხმევით სახალხო სკოლები იქნა გახსნილი. სამეგრელოს თითქმის ყველა სასოფლო საზოგადოებაში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა, რამაც მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლებას დიდად შეუწყო ხელი.

XX საუკუნის დასაწყისში რეგიონში იყო 179 სკოლა. მის საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა ფოთი, სადაც მოქმედებდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, საქალაქო და სახელოსნო სასწალებლები, ქალაქის ბიბლიოთეკა.

საბჭოთა ხელისუფელების დამყარების შემდეგ სახალხო განათლების სისტემის გარდაქმნას თან სდევდა ახალი სკოლების გახსნა და ბევრი სასკოლო შენობის აგება. მოსახლეობის მატების შესაბამისად იზრდებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა რიცხოვნება. ასე მაგალითად, 1957 სასწავლო წლის დასაწყისასთვის სამეგრელოში მოქმედებდა 379 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 63.5 ათასი მოსწავლითა და 5.8 ათასი მასწავლებლით, 1970 წელს კი 422 სკოლა, 83.8 ათასი მოსწავლითა და 8.9 ათასი მასწავლებლით. 70–80–იან წლებში საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა სოციალურმა პროცესებმა საგანმანათლებლო სკოლებისადა მოსწავლეების შემცირება გამოიწვია. სამეგრელოში უკვე 1985 წელს 401 სკოლა და 70.4 ათასი მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო 1990 წ. – 383 სკოლა და 66.8 ათასი მოსწავლე.

ხელოვნება

სენაკის თეატრი

მხარეში თეატრის ისტორია XIX საუკუნეში იღებს სათავეს. ზუგდიდში პირველი სპექტაკლი მოლიერის „უნებლიეთ ექიმი“ 1869 წელს დადგა მწერალმა ანტონ ფურცელაძემ. 1907–1908 წლებში შექმნილ დრამწრეში უკვე 125 სცენისმოყვარე იყო გაერთიანებული.

1932 წელს, ქალაქში საგანგებოდ აშენებულ შენობაში, გაიმართლა გამართა სპექტაკლები უკვე პროფესიონალური დრამატული თეატრის რანგში აყვანილმა კოლექტივმა. 1959 წლიდან, ზუგდიდის თეატრი შალვა დადიანის სახელს ატარებს.

სამეგრელოში, თეატრალური ცხოვრების ცენტრი იყო აგრეთვე ფოთი, სადაც 1925 წელს, იუზა ზარდალიშვილის ხელლმძღვანელობით, თეატრი დაარსდა. 1936 წლიდან, იგი ახალ შენობაში გადავიდა, 1963 წელს მას ვალერიან გუნიას სახელი მოენიჭა. სანტერესო თეატრალური სპექტაკლები იდგმებოდა სენაკშიც, სადაც შესანიშნავი შენობა დგას, ამ თეატრში გამართულ წარმოდგენებში ერთ დროს მონაწილეობდა ქართული თეატრის უთვალსაჩინოესი დიდოსტატი აკაკი ხორავა.

ზუგდიდის დრამატული თეატრი

საბჭოთა პერიოდში მხარეში ფართოდ იყო განვითარებული მხატვრული თვითშემოქმედება, იქმნებოდა მხატვრული კოლექტივები მუსიკალური, თეატრალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჟანრებში, სადაც გაერთინებული იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ამ კულტურული საქმიანობის პოპულარიზაციას დიდად უწყობდა ხელს თვითშემოქმედების ოლიმპიადები, ფესტივალები, დათვალიერებები, კონკურსები, რომლებმაც ბევრი ნიჭიერი და თვითმყოფადი შემოქმედი გამოავლინა.

განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მხარის მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ხალხური შემოქმედების ანსამბლები, რომლებიც არა მარტო რაიონულ ცენტრებში მოქმედებდა არამედ ბევრ სოფელშიც მოქმედებდა.

მედიცინა

წალენჯიხის რაიონული საავადმყოფო

მკურნალობის კულტი სამეგრელოში , დიდი ხნის წინ არის შექმნილი: არქანჯელო ლამბერტის გადმოცემით, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარს ეხება “მთელ კოლხეთში მეტად მიღებული არიან ექიმები და ხალხს ისე არაფერი არ ენატრება, როგორც ექიმის ხელობა”. მისი დაკვირვებით, სამეგრელოს მცხოვრებნი მეტად მოწადინებულნი არიან შეისწავლონ რაიმე წამალი და ცდილობენ სხვებსაც ასწავლონ. უფრო ცნობისმოყვარეებს ბევრი წამალი აქვთ შესწავლილი და საგანგები წიგნში ჩაწერილი. მას კარაბადინი ჰქვია, სადაც წერია სხვადასხვა საცხებლები. აბები და სასმელები. სამეგრელოში არიან ქალები, რომელნიც სიამოვნებით ეტანებიან ავადმყოფთა მოვლას, უნიშნავენ კვების რეჟიმს, უკეთებენ წამლებს.

რეგიონის დაბლობ ნაწილში, კოლხეთის დაჭაობებული ტერიტორიები და ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, წინათ მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნიდა ადამიანების ცხოვრებასა და ჯანმრთელობას. XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოსახლეობაში ფართოდ გავრცელდა მალარია, რომელიც არა მარტო სპობდა ადამიანთა სიცოცხლეს, არამედ გადარჩენილების ორგანიზმის დასუსტებას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევდა. ამ პერიოდში სენაკის მაზრის ყოველ 1000 მცხოვრებზე წელიწადში ეპიდემიური დაავადების 152, ხოლო ზუგდიდის მხარეში 113 შემთხვევა მოდიოდა.

ტურიზმი

სამეგრელოს საკურორტო პოტენციალი წარმოდგენილია კლიმატურ–საკურორტო (მთის, ზღვის ჰავა), პლაჟურ–საკურორტო (ზღვის წყალი, ქვიშა, მზის ნათების ხანგრძლივობა), ჰიდრომინერალური (თერმული და მინერალური წყაროები) რესურსებით. მათ ბაზაზე საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო საკურორტო მეურნეობა, რომელიც სიმძლავრით და განვითარების დონით ჩამოუვარდებოდა აფხაზეთისა, აჭარის და ბორჯომ–ბაკურიანის საკურორტო რაიონებს.

კურორტები
კურორტი პროფილი სიმაღლე
ზღვის დ.(მ)
1 ანაკლია კლიმატური 3
2 მენჯი ბალნეოლოგიური 150
3 ცაიში ბალნეოლოგიური 150
4 სქური ბალნეოლოგიური 480
5 ნოქალაქევი ბალნეოლოგიური 150
6 ლებარდე კლიმატური 1600
საკურორტე ადგილები
საკურორტე ადგილი პროფილი სიმაღლე
ზღვის დ.(მ)
7 ყულევი ბალნეოლოგიური 3
8 ქვალონი ბალნეოლოგიური 20
9 ხორგა ბალნეოლოგიური 15
10 ბია ბალნეოლოგიური 50
11 ლუგელა ბალნეოლოგიური 290
12 ჭკადუაში ბალნეოკლ. 300
13 ურთა კლიმატური 130
14 ჯიხასკარი კლიმატური 250
15 წალენჯიხა კლიმატური 300
16 მუხური კლიმატური 270
17 ოხარჩუე კლიმატური 1350
18 ტოკონაში კლიმატური 1100

ჰიდროლოგია

სამეგრელო წყლის ობიექტების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მრავლადაა მდინარეები, ჭაობები და წყაროები. შედარებით ნაკლები გავრცელება აქვს ტბებსა და მყირვარებს. წყლის ობიექტები განსაკუთრებით მყინვარებიდა ჭაობები უხსოვარი დროიდან დიდ როლს თამაშობდა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობაში. ეს, უპირველეს ყოვლისა მდინარეებზე ითქმის, რომლებიც წარსულში სამეგრელოს ვაკე ნაწილის ძნელად გასავლელი ტყეებითა და გაუვალი ჭაობებით თითქმის მთლიანად დაფარულულობის გამო, გადაადგილების ერთ–ერთ ყველაზე ხელსაყრელ საშუალებას წარმოადგენდნენ.ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ახ. წ. აღ. II საუკუნეში რომში გამოცემული ე.წ. “პევტაგერიანის” ცხრილში დასავლეთ საქართველოს სხვა მდინარეებთან ერთად შეტანილი იყო სამეგრელოს ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეები: ფაზისი (რიონი), ხობოსი (ხობი), ასტელეფოსი (ენგური), გლაუკი (აბაშა), საგამი (ტეხური), და სხვა.ამასვე მოწმობს ანტიკური ხანის სწავლულის სტრაბონის ცნობა იმის შესახებ, რომ “კოლხეთზე მომდინარეობს დიდი მდინარე ფაზისი, ფაზისი გემთსავალია აღმა ვიდრე სარაპინის (შორაპანის) ციხესიმაგრემდე”.

მდინარეებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა ფართოს იყეენებდა სამეგრელოს დაბალ, ბრტყელ ზედაპირიან ვაკეზე განვითარებულ ვრცელ ჭაობებს.ძველი დროის ბერძენი სწავლული ჰიპოკრატე

მდინარე აბაშა სოფელ გაჭედილის მიდამოებში

(460–377 წწ. ძვ. წ. აღ.) მიუთიტებს, რომ ფასიანები (კოლხები) ცხოვრებას ჭაობიან ადგილებში ატარებდნენ, სახლები ხის ან ლერწმის წყალში აქვთ ჩადგმული. ქვეითად ნაკლებად დაიარებიან. იგი აღნიშნავს ასევე, რომ იმ დროს ჭაობებში ადგილობრივ მოსახლეობას არხები ჰქონდა გაჭრილი და ერთ ხეში ამოღებული ნავებით ამ არხებსა და მდინარეებს იყენებდნენ გადასაადგილებლად.

შუა საუკუნეების ავტორთა მიერ დატოვებული ცნობებიდან ყურადღებას იპყრობს არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილი სქემატური რუკა სამეგრელოს ჰიდროგრაფიული ქსელის შესახებ, რომელიც თანდართულია მის მიერვე დაწერილ წიგნში “სამეგრელოს აღწერა”. ამ პერიოდის თვალსაჩინო მიღწევას წარმოადგენს ვახუშტი ბაგრატიონის შრომა “აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამეგრელოს წყლის ობიექტების დახასიათებას.

მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები იქნა ჩატარებული კოლხეთის დაბლობზე 1880–1910 წლებში. ამ სამუშაოების შედეგად შეიქმნა სამეგრელოს წყლის ობიექტების ჰიდროგრაფიული, ჰიდროლოგიური და გლაციოლოგიური ხასიათის ინფორმაცია.. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კ. პოდოზერსკიმ 1911 წელს შეადგინა მყინვარების პირველი კატალოგი, მოგვიანებით ა. ესენმა “მდინარეების სია”.

ოციან წლებში დაიწყო საქართველოს მათ შორის სამეგრელოს წყლის ობიექტების ფართომასშტაბიანი შესწავლა, რაც ძირითადად 1922 წელს საქართველოს ჰიდრომეტეოროგიური სამსახურის შექმნასთან იყო დაკავშირებული.

ქართველმა მეცნიერებმა დიდი წვლილი შეიტანეს სამეგრელოს წყლის ობიექტების შესწავლის საქმეში. მათი კვლევის შედეგები წარმოადგენს საიმედო მეცნიერულ ბაზას აღნიშნული ობიექტების რაციონალური გამოყენების და დაცვის ღონისძიებათა ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთებისათვის.

მდინარეები

სამეგრელოს ტერიტორია გამოირჩევა მდინარეთა ჰიდროგრაფიული ქსელების კარგი განვითარებით. აქ აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სირგძე 5191 კმ–ს შეადგენს. მათ წილზე მოდის საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 9.3‰ და საერთო სიგრძის 7.6‰. აქედან 10 კმ–ზე მეტი სიგრძის მდინარეები 43‰–ის, საერთო სიგრძით 1183 კმ.

უდიდესია ხობისწყალი, რომლის სიგრძე 150 კმ–ია და მეექვსე მდინარეა საქართველოს დიდ მდინარეთა შორის. იგი შედგება 1485 შენაკადისაგან.

მეორე ადგილზეა მდინარე ტეხური, მესამე ადგილზეა მდინარე აბაშა.

სამეგრელოს ჩრდილო–დასავლეთ და სამხრეთ კიდეზე გაედინებიან ტრანზიტული მდინარეები – ენგური, ცხენისწყალი და რიონი, რომელთა სიგრძე სამეგრელოს ტერიტორიაზე უდრის შესაბამისად 94, 44 და 99 კმ–ს.

მდინარე სიგრძე (კმ) ფართობი (კმ2) შენაკადების რაოდენობა შენაკადების საერთო სიგრძე(კმ) ქსელის სიმჭიდროვე (კმ/კმ2)
მაგანა 24 141 44 96 0.85
ჯუმი 61 379 231 377 1.16
ჩხოუში 41 119 110 161 1.78
ჭურია 11 296 154 606 2.08
ხობი 150 1340 1037 1485 1.22
ჭანისწყალი 63 315 332 521 1.81
ოჩხომური 47 159 147 203 1.57
ცივი 60 229 137 236 1.30
ტეხური 101 1040 502 946 1.01
აბაშა 66 370 125 288 1.00
ნოღელა 59 130 41 104 1.25
ზანა 42 70 64 86 1.83

ტბები

სამეგრელოს ტერიტორიაზე სულ 13 ტბაა აღრიცხული. მათი წყალშემკრები აუზების საერთო ფართობი 553 კმ–ია. ხოლო წყლის სარკის ჯამური ფართობი 19.4 კმ–ს არ აღემატება, რაც შესაბამისად რეგიონის ტერიტორიის საერთო ფართობის 12.8 და 0.455‰ უდრის. ტბების უმეტები ნაწილი თავმოყრილია შავი ზღვისა და მდინარე რიონის ნაპირების გასწვრივ. მცირე რაოდენობის ტბები გვხვდება აგრეთვე სამეგრელოს ქედის მაღალმთიან ზონაში, სადაც მათი ქვაბულები ძველი გამყინვარების მექანიკური მოქმედების შედეგად არის წარმოქნმნილნი.

ტბა სიმაღლე (მ) სარკის ფართობი (კმ2) უდიდესი სიღრმე მოცულობა (მლნ მ2)
პალიასტომი –0.3 18.2 3.2 52.0
ფართო წყარო –0.3 0.27 3.5 4.41
ტობავარჩხილი 2650 0.21 35.0 3.31
დიდი ტობა ვარჩხი 2300 0.02 5.6 0.05
ჩიპსთა ვარჩხი 2207 0.03 5.8 0.08